ამერიკულმა ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა გუანტანამოს ციხეში მყოფი 42 წლის რავილ მინგაზოვის პეტიცია და დაადგინა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ იგი უნდა გაათავისუფლოს.
ეთნიკურად თათარი მინგაზოვი პაკისტანში 2002 წელს დაიჭირეს. მასთან ერთად დაპატიმრებული კიდევ შვიდი რუსეთის მოქალაქის ექსტრადაცია, რომელთაც "რუსი თალიბები" შეარქვეს რუსეთში 2004 წელს მოხდა.
ცნობილია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში რავილ მინგაზოვმა, რომელიც ადრე არმიის ანსამბლში ცეკვავდა რუსეთი დატოვა _ მისი თქმით, მისი დევნა რელიგიური მოტივებით ხდებოდა. აშშ-ს სპეცსამსახურების ინფორმაციით, მინგაზოვი ექსტრემისტების კონსპირაციულ ბინაში დააკავეს და მას ტერორისტულ ბანაკში მომზადება გავლილი ჰქონდა.
თავის მხრივ, მინგაზოვმა აშშ-ს სამხედრო სასამართლოს განუცხადა, რომ იგი დევნილების ბინაში დააკავეს და მას არავითარი სამხედრო მომზადება ტერორისტების ბანაკში გავლილი არ ჰქონდა.
მინგაზოვი გუანტანამოს 35-ე პატიმარი გახდა რომლის პეტიციაც დააკმაყოფილეს. ამიტომაც აშშ-ს ადმინისტრაციამ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე თავისი გადაწყვეტილება 15 ივნისამდე უნდა გაახმოვანოს. ადმინისტრაციამ ასევე უნდა გადაწყვიტოს თუ სად გააგზავნოს რუსეთის მოქალაქე, ვინაიდან მიიჩნევა, რომ სამშობლოში დაბრუნება მისთვის საფრთხის შემცველია.
ამჟამად აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ მიღებული აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გუანტანამოს ყოფილი პატიმრების საცხოვრებლად აშშ-ს ტერიტორიაზე გაგზავნა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში თუკი ეს აკრძალვა გაუქმდება რავილ მინგაზოვი შესაძლოა მასაჩუსეცის შტატში მიიღონ, რომლის დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს.
დღეისათვის გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე 181 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება. გუანტანამოს ციხის დახურვის გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წლის 22 იანვარს მიიღო.