ყირგიზეთსა და ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პაატა კალანდაძის განცხადებით, ყირგიზეთში არეულობის მიუხედავად ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"ოშში ამ დროისთვის ორი ქართული ოჯახი ცხოვრობს.ჩვენ ამ ოჯახებთან კავშირი გვაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის არც ჩვენი მოქალაქეები და ყირგიზეთის მხრიდან არავინ დაშავებულა. როგორც ჩანს ბაკიევის მომხრეების ადმინისტრაციული შენებებიდან გაყვანა იარაღის გამოყენების გარეშე მოხდა. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაციით ჯალალ-აბადში სროლის ხმა ისმოდა. თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ "ეს ამ წუთის ინფორმაციაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს".
შეგახსენებთ, რომ ვითარება ყირგიზეთში, კერძოდ კი ჯალალ-აბადში, ოშში და ბადკენში 12 მაისს დაიძაბა, თუმცა პიკს გუშინ მიაღწია, როდესაც ბაკიევის მომხრეებმა ადმინისტრაციული შენობის დაკავება და ჯალალ-აბადის აეროპორტს ასაფრენი ბილიკის ბლოკირება შესძლეს.