ისრაელის მთავრობა ჰამასთან წარმოებული მოლაპარაკებების გამო რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჰამასს შორის გამართული მოლაპარაკებების გამო ისრაელი "დიდ იმედგაცრუებას" გამოხატავს.
"ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ისრაელის სახელმწიფოებრიობისადმი ზიანის მიყენებაა. ამასთან, ჰამასი პასუხისმგებელია ასობით ადამიანის, მათ შორის რუსი და ყოფილი საბჭოელი ემიგრანტების მკვლელობაში", - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების მიხედვით, ისრაელი რუსეთს ყოველთვის მხარში ედგა ჩეჩენ ტერორისტებთან ბრძოლაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთიც ასევე უნდა მოიქცეს და ჰამასის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ისრაელს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ასევე, განცხადების თანახმად, ისრაელი პალესტინელ ტერორისტებსა და ჩეჩენ ტერორისტებს შორის ვერანაირ ძირეულ განსახვავებას ვერ ხედავს.
შეგახსნებთ, რომ ამ კვირაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სირიაში იმყოფებოდა. დამასკოში ის მოძრაობა "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ჰალედ მაშაალს შეხვდა. შეხვედრას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც ესწრებოდა. მაშაალთან საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ "ნამდვილად დამოუკიდებელი, სუვერენული და ქმედითუნარიანი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ისრაელის გვერდით მშვიდად და უსაფრთხოდ იარსებებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს". შეხვედრაზე ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანუტარული ვითარებაც განიხილებოდა.
დამასკოში ვიზიტის ბოლოს რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სადაც "ახლო აღმოსავლეთში არსებულ სახიფათო დაძაბულობის" და ისრაელის მიერ სამოსახლოების აქტიური მშენებლობის გამო თავისი შეშფოთება გამოხატეს.