ტრიპოლის აეროპორტში ავიაკატასტროფას გადარჩენილ 8 წლის ბიჭს მხოლოდ ხელი აქვს მოტეხილი. დადგენილია მისი ვინაობაც, ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭი ჰოლანდიელი რუბენ ვან ეზოუვია. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ბიჭი ამჟამად ტრიპოლის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებულია, სადაც მის მოსანახულებლად ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩავიდა. რუბენ ვან ეზოუვის ექიმის განცხადებით, ბიჭს ავიაკატასტროფის შედეგად, მხოლოდ ზედა კიდური აქვს მოტეხილი.
"ბიჭმა სისხლი დაკარგა და უგონოდ ამიტომ იყო, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 103 ადამიანიდან 58 ჰოლანდიელი იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიბიის დედაქალაქის აეროპორტში იოჰანესბურგიდან მომავალმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც იგი ტრიპოლის აეროპორტში ეშვებოდა. დაიღუპა 103 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა.