საქართველოს მთავრობა თამბაქოს მწარმოებელი ქართველი მეწარმეების დასახმარებლად ორი ინიციატივით გამოდის.
"გვაქვს ორი ინიციატივა: პირველი - იმპორტირებული თამბაქოსა და ადგილობრივი წარმოების თამბაქოს აქციზის გადასახადის გათანაბრება არ შეეხოს ერთადერთი წარმოების ქართულ სიგარას, რომელიც აჭარაში იწარმოება და მეორე - თამბაქროს მწარმოებელ ყველა მეწარმეებს 2010 წლის მოგების გადასახადი ერთი წლით გადაუვადდეს. ამის თაობაზე თხოვნით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ", - განაცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის გადასახადი გათანაბრდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების საფუძველზე მიიღო.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა, ქართული წარმოების თამბაქოს აქციზის საფასური იმპორტირებული სიგარეტის მსგავსად 60 თეთრი გახდება.
"თავის დროზე დიფერენცირებული ღირებულების აქციზი ქართული თამბაქოს წარმოების ასაღორძინებლად იქნა მიღებული, თუმცა ახლა სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის გადასახადი გავათანაბროდ. საქართველოს წინააღმდეგ კომპანია "ბრითიშ ამერიკან თომბოქომ" იჩივლა. ამასთან საქართველოს მთავრობამ მიიღო ნოტა უკრაინისგან და წერილი ევროკავშირის ელჩისგან იმის თაობაზე, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, ამით ხელი შეეშლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისივე მტკიცებით, აქციზების გადასახადების გათანაბრება ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ფასის გაზრდას არ გამოიწვევს და ეს დამატებით გადასახადს მხოლოდ ადგილობრივ მეწარმეებს შეუქმნის.
"ქართულო თამბაქოს ფასმა რომ მოიმატოს, ეს ბიზნესი წამგებიანი გახდება, რადგან მომხმარებელი უპირატესობას იმპორტირებულ სიგარეტს მიანიჭებს. ამიტომაც, აღნიშნული გადასახადს მხოლოდ მეწარმეებს გავუზრდით", - განმარტა ბაინდურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბაინდურაშვილის თქმით, მსო 7-8 დეკემბერს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავს.