საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ დოკუმენტის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასებას არავის ურჩევს. მეტიც, ლავროვი ამ ქარტიას "დამამშვიდებელ საჩუქარს" უწოდებს.
"სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქართულ-ამერიკული ქარტიის მნიშვნელობას არ გადავაჭარბებდი. ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა ჩარჩო პოლიტიკური დეკლარაციაა (არსებითად კი ცნობილი პროპაგანდისტური კლიშეების ნაკრებია) და მას არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოსდევს", _ განაცხადა ლავროვმა.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა "იყო ერთგვარი დამამშვიდებელი საჩუქარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ბუშის წარმავალმა ადმინისტრაციამ გაუკეთა, რომელმაც მაინც ვერ შეძლო "გაეტანა" საქართველოსათვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი", _ აცხადებს ლავროვი.