მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უკვე ღიად დაიწყო კულტურის მოღვაწეთა წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშწორება.
როგორც პარტიის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, პეზიდენტის მიერ გაჟღერებულმა ცნობილმა გამოთქმამ ,,ჩარეცხილი ინტელიგენციის" შესახებ ქმედითი ხასიათი მიიღო, რაც ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების კულტურის სფეროდან ჩამოცილებაში გამოიხატება.
"სახელისუფლებო "ტერორის" კულტურის სფეროზე განხორცილების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის - ზაზა აზმაიფარაშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის - ქეთი დოლიძის დაკავებული თანამდებობეიდან გათავისუფლება. ასევე მიუღებლად მიგვაჩნია, სახელისუფლებო არხების მიერ, საერთაშორისო დონის საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმა ჯაიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით", _ ნათქვამია ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გმობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს და აფრთხილებს ხელისუფლებას _ შეწყვიტოს საზოგადოების გამოწვევა, ადამიანთა უფლებების უგულველყოფა და პოლიტიკური ტერორის განხორციელება განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ხელოვანების წინააღმდეგ.