საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების 90-დღიანი შეჩერება მხოლოდ „მყიფე პაუზის“ შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
მაკრონმა ასევე საუბრობს ტარიფების შეჩერების პერიოდში მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტარიფების ნაწილობრივი შეჩერება 90 დღით არის სიგნალი და ღია კარი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს პაუზა რჩება მყიფე, რადგან 25-პროცენტიანი ტარიფი ფოლადზე, ალუმინსა და მანქანებზე და 10-პროცენტიანი ტარიფები ყველა დანარჩენზე კვლავ ძალაში რჩება. რადგან ეს პაუზა ნიშნავს 90 დღის გაურკვევლობას ყველა ჩვენი ბიზნესისთვის ატლანტიკის ორივე მხარეს და მის ფარგლებს გარეთ, ” -აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიზანია „მოლაპარაკება ამ უსამართლო ტარიფების მოხსნაზე და დაბალანსებული შეთანხმების მიღწევა, ასიმეტრიების გარეშე“.
„ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა: ევროპამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ყველა საჭირო კონტრზომებზე და მოახდინოს ყველა არსებული ბერკეტის მობილიზება, რათა დაიცვას თავი და არ დაუშვას მესამე ქვეყნებიდან ნაკადები ჩვენი ბაზრის დესტაბილიზაციისათვის“, - აღნიშნა მან.
მაკრონმა ასევე ისაუბრა მეწარმეებთან და მრეწველებთან კომუნიკაციაზე.
„ამერიკული ტარიფები მათ ბიზნესს პირდაპირ გულში ურტყამს. ჩვენ გვაქვს ბრძოლის უფლება: სასწორზე დევს სამუშაო ადგილები და ჩვენი რეგიონების სიცოცხლე. ევროპელებთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი კომპანიები და ჩვენი მრეწველობა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტი“, - დაწერა მაკრონმა.