„გაერთიანებულ ტელეკომსა" და „კავკასუს ონლაინს შორის" დავა დასრულებულია.
დღეს, 30 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს, რომელიც მხარეებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონსულტაციების შედეგად შეადგინეს.
იქედან გამომდინარე, რომ „კავკასუს ონლაინი" რამდენიმე კომპანიის უფლებამონაცვლე პირია, იღებს ვალდებულებას უპირობოდ დაფაროს 624 712 ლარი, რომელიც წარმოადგენს შპს „სანეტის", შპს „ჯორჯიან ონლაინის" და შპს „დელტანეტის" 2006-2008 წლებში შერწყმამდე წარმოშობილ დავალიანებას. აღნიშნულ თანხას „კავკასუს ონლაინი" დღის ბოლომდე დაფარავს.
ხელშეკრულების თანახმად, „კავკასუს ონლაინი" ასევე აცხადებს თანხმობას „გაერთიანებულ ტელეკომს" დაუბრუნოს ორმხრივად ხელმოწერილი ის საოქმო გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიწოდებული 2007 წლიდან დღემდე. ასევე, წარმოადგინოს საბანკო გარანტია (500 000 ლარი), რომელიც გახდება „კავკასუს ონლაინის" მიერ „ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებისა" და „სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების" შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საფუძველი.