ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშის ადმინისტრაციის შენობა დროებითი მთავრობის მოწინააღმდეგეებმა შტურმით აიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობის პირველი სართული დაიკავეს. შენობაში შეჭრილთაგან უმეტესობა ქალია, რომლებიც დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული ოლქის გუბერნატორის წინააღმდეგ გამოდიან და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მოლდომუს კოგანტიევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
დროებითი მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პოლიცია მომხდარში არ ერევა. ოლქის გუბერნატორი კი მოედანზე მცირერიცხოვან მიტინგს მართავს და ადმინისტრაციაში შეჭრილებს შენობის დატოვებისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილს ყირგიზეთში მომხდარი არეულების დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1500-მდე დაშავდა. ამ დროისთვის ქვეყანას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს. ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი კი თავს ბელორუსიას აფარებს.