უკრაინაში რამდენიმე ახალი რუსული სამხედრო ბაზა გაჩნდება. ეს იქნება რუსეთის პასუხი ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებაზე. რუსეთის ფედერაცია ასევე გეგმავს უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის პოზიციის გამყარებას. "ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, ამჟამად საუბარი მიდის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში, ბალაკლავაში არსებული წყალქვეშა გემების ბაზის აღდგენაზე. ამჟამად იქ მუზეუმია, რომელიც უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებს ეკუთვნის.
ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ უკრაინა თანხმობას განაცხადებს ნიკოლაევში, ოდესაში და დუნაის შესართავთან რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზეც. ასევე ცნობილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზაციის გეგმების შესახებაც. ეს საკითხი კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის უკრაინაში ყოფნის ვადის გახანგრძლივების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გახდა აქტუალური.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან აპირებს გააფორმოს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთის სპეცსამსახურები სევასტოპოლში დაბრუნდებიან.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყირიმიდან გასული წლის ბოლოს გამოძევეს. ამას კი წინ უსწრებდა სკანდალი, რომელიც რუსი ჯაშუშების დაპატიმრებასთან იყო დაკავშირებული.
"ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო ბაზების უკრაინის ტერიტორიაზე გახსნის საკითხი განიხილებოდა უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების ნიკოლაი აზაროვისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე.
ასევე ცნობილია ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკრაინაში მომდევნო კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ორ ქვეყანას შორის ხელმოსაწერად მზადდება ხელშეკრულებათა მთელი პაკეტი, რომელიც უკრაინაში ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განვითარებას ეხება.
უკრაინაში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზებისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განვითარების გეგმა 2020 წლამდეა გაწერილი.