საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებული ბეტონირებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
ხევი, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გაედინება. სოფლის ტერიტორიაზე ხევის კალაპოტი მართკუთხა ბეტონის არხს წარმოადგენს. სოფლის დასახლებული უბნის გავლის შემდეგ კი, ისევ გადადის ბუნებრივ მიწის კალაპოტში და რამდენიმე ასეულ მეტრში, მარცხენა მხრიდან მდინარე ენგურს უერთდება.
ხევის კალაპოტის ბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული იყო და აღდგენას საჭიროებდა. წყალმოვარდნებისას წყლის ნაკადი ბეტონის კედლებზე ზევიდან გადაედინებოდა და საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დასაცავად, 290 მეტრიან მონაკვეთზე გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, აღდგა დაზიანებული ფსკერი და კედლები.
პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 398 ათას 344 ლარი შეადგინა.