სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ელექტროსადენების მწარმოებელ ქარხანა "ABL-ენერგო"-ს ეწვია, სადაც პრობაციის ეროვნული სამსახურის შუამდგომლობით ორი პრობაციონერი დასაქმდა.
საწყის ეტაპზე თითოეული მათგანი ხელფასის სახით ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს. პრობაციის ეროვნული სამსახური პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან მუდმივად აწარმოებს. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის შუამდგომლობით, არაერთი პრობაციონერი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე დასაქმდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენელტა განცხადებით, პრობაციონერების დასაქმება ხელს უწყობს როგორც მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე დანაშაულის პრევენციას.