თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან (D-) საშუალო რისკის (C) ჯგუფში გადაინაცვლა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კორუფციის რისკების შემცირების და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი ინფორმაციით, 2015 წლის მთავრობის ანტიკორუფციული ინდექსი თავდაცვის სფეროში „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ მიერ გამოქვეყნდა. C ჯგუფში საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნები არიან როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და სხვა. ქვეყნების რანჟირება 5 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება - პოლიტიკური, ფინანსური, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული, ოპერაციებთან დაკავშირებული და შესყიდვების სფეროში არსებული რისკები. ადამიანურ რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია.
„თავდაცვის ინდექსი პირველად 2013 წელს გამოქვეყნდა და 82 ქვეყანა 2011-2012 წლების მდგომარეობის მიხედვით შეფასდა. საქართველო მაღალი კორუფციული რისკების ჯგუფის ქვედა ნაწილში მოხვდა (D-) ისეთი ქვეყნების გვერდით როგორიცაა: ბანგლადეში, ბელარუსი, რუსეთი, განა, რუანდა, ჩინეთი და ა.შ.
ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა თავდაცვის სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული. 2013 წელს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურად დაიწყო მუშაობა. ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ ექსპერტებთან კონსულტაციებით განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას საჭიროებდნენ. განხორციელდა წარმატებული ცვლილებები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პარლამენტთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის, პერსონალის მართვის, შესყიდვების, ბიუჯეტისა და სხვა სფეროებში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს 2015 წლის ანგარიშში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს და გააგრძელებს რეფორმების კურსს.