რუსეთში შემუშავებულია ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა, პირველ ყოვლისა, ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან უნდა განავითაროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწერილი ეს დოკუმენტი უკვე მოიწონა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი "Newsweek"-ი ავრცელებს.
მედვედევს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში წარუდგინეს, მან იგი მოიწონა და განსახილველად მთავრობას გადასცა. ამჟამად, გამოცემის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი პირველ ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვთანაა. ახალი პროგრამის რეალიზაციით სახელმწიფოს უმაღლესი პირები არიან დაკავებულნი.
დოკუმენტის შესავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერაა დაწერილი.
"რუსეთსა და აშშ-ს შორის ბოლო თვის განმავლობაში დიალოგმა უკვე სხვა ხასიათი მიიღო. ამერიკელ წარმომადგენლებს არც ერთხელ არ უხსენებიათ საქართველო ორ ქვეყანას შოროს ბოლოს გამართული მოლაპარაკებების მსვლელობისას და ეთანხმებოდნენ კიდეც, როდესაც რუსული მხარე აცხადებს, რომ ომის პროვოცირება აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოახდინა, რომელმაც ქართველი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ შეაჩერა", _ აცხადებს გამოცემასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვაშინგტონში ოფიციალურად დაპატიჟა. მედვედევის ვიზიტი აშშ-ში 2010 წლის ივნისში შედგება. პროგნოზების მიხედვით, ამ შეხვედრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება.