რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. აღნიშნულ შეთანხმებას დღეს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი.
"ეს ისტორიული გარღვევითი შეთანხმებაა, რომელიც, პირველ ყოვლისა, მიმართული იმისკენ, რომ მილიონობით ადამიანს გაუადვილდეს ცხოვრება", _ განაცხადა მედვედევმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ხელშეკრულება ვრცელდება ყველა მათგანზე, ვინც 30 დღემდე ვადით ჩადის, მათ შორის, უპირველესად, ტურისტებზე, რომლებიც დასასვენებლად თურქეთში ჩადიან.
"გასულ წელს იყო 2,5 მილიონი ტურისტი, კრიზისამდელ პერიოდში დაახლოებით სამი მილიონი. ვფიქრობ, მიმდინარე წელსაც ცოტა ნამდვილად არ იქნება. ჩვენს მოქალაქეებს უყვართ თურქეთში დასვენება და ამის საშუალება უკვე ყველას ექნება, თან სრულიად უფასოდ", _ აცხადებს მედვედევი.
აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის ვადაზე საუბრისას, მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი სინქრონიზებულია რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომზადებასთან.
"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი აუცილებელი გაკეთდება და ეს დოკუმენტი მოქმედებას დაიწყებს", _ აცხადებს მედვედევი.