რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კახეთში, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ძველ შუამთაში, ახალი შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია.
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანაა. რებილიტაციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სამივე ძეგლთან გათვალისწინებულია საინფორმაციო ცენტრების, სუვენირების მაღაზიების, სანიტარული წერტილებისა და ობიექტებამდე მისასვლელი გზის მოწყობა. ასევე, ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა ჭაბურღილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტზე 20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.