რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოინახულა.
დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენები მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. იმ დროისთვის, როდესაც პოლიგონი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადმოეცა, ნარჩენების შეტანა არაორგანიზებულად ხდებოდა, ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, პოლიგონზე არსებული მდგომარეობა ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, დმანისის ნაგავსაყრელი მთლიანად განაახლა: მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 160 954 ლარია.