უკრაინული ოპოზიციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს დღეს უკრაინის გენპროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება გადასცეს.
"მე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება გადმომცეს", _ განაცხადა ამ დილით ტიმოშენკომ გენპროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
მისივე თქმით, მას ასევე გადაეცა დადგენილება 17 მაისს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ სადაც მას მოუწევს ჩვენების მიცემა ეჭვმიტანილის სტატუსით. ტიმოშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი აუცილებლად გამოცხადდება გენპროკურატურაში 17 მაისს. იგი ასევე აცხადებს, რომ მისი გამოძახება გენპროკურატურაში პოლიტიკურად მოტივირებულია. "ეს იანუკოვიჩის პირდაპირი მითითებაა. ეს პოლიტიკური რეპრესიებია", _ განაცხადა ტიმოშენკომ.
ტიმოშენკო ასევე აცხადებს, რომ ქვეყნის ახლანდელმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ის სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც 2003 წელს განეკუთვნება და ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას დროს იყო დახურული.
მისივე განცხადებით, კეთდება ყველაფერი მისი დაპატიმრებისათვის იანუკოვიჩის ბრძანების პატივსაცემად.
"დღეს გენპროკურატურის ყველა კაბინეტში საუბრობენ იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩმა გენპროკურატურის ხელმძღვანელობას მისცა პირდაპირი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოიძებნოს ნებისმიერი საბაბი, არ აქვს მნიშვნელობა რა და სამი-ოთხი თვის განმავლობაში მე ციხეში ჩამსვან", _ განაცხადა იულია ტიმოშენკომ და აღნიშნა, რომ მითითებებს პირადად იანუკოვიჩი იძლევა და თან თვალს ადევნებს ამ პროცესს. "მეტიც, გენპროკურატურის ხელმძღვანელობა პირადად აბარებს ანგარიშს იანუკოვიჩს თავის "მიღწევების" შესახებ".
უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ყოველივე ეს გამოწვეულია ხელისუფლების სურვილით რუსეთის მმართველობაში გადასცეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაწესებულებები.
"მეზობელ სახელმწიფოსთან ერთობლივი დაწესებულებების შექმნის ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება დიდი ჩრდილოვანი პროექტი სახელმწიფო მონოპოლიების პრივატიზაციის შესახებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი ერთადერთია ვინც ამას ეწინააღმდეგება. იანუკოვიჩი უკრაინას ავტორიტარიზმში ხედავს, დემოკრატიის აღკვეთით, ოპოზიციის გარეშე და ნებისმიერი ხელისშემშლელი მიზეზის გარეშე თავისი არაკეთილსინდისიერი გეგმების განსახორციელებლად უკრაინაში", _ აცხადებს ტიმოშენკო.
ამასთან ერთად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრების დატაცების გამო, აუცილებელია უკრაინის ყოფილი პრემიერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.