სასტუმროში “Rooms Hotel” ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციასა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ „გამოჩენილ სპიკერთა სერიის“ ფარგლებში გაიმართა.
საჯარო დისკუსიის მონაწილეები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ქრისტიან ემაუსი იყვნენ. „გამოჩენილ სპიკერთა სერიას“ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა მოდერატორობას.
სასტუმრო “Rooms Hotel”-ში შეკრებილ ნატოს ძირითადი ჯგუფის წევრებს, დიპლომატიური კორსპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება კიბერრეზერვის შექმნაზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის უწყება ამ პროექტზე აქტიურად მუშაობს. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად არის აღიარებული. საქართველო გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში ჩასართავად შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად უელსის სამიტზე მიიწვიეს.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უილიამ ლაჰიუმ მოხსენებისას აღნიშნა, პაკეტის იმპლემენტაცია საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტია ვიდრე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). „მაპი საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის, ეს მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტია. მაპის მინიჭება საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია არ იქნება. არსებითი პაკეტი კი უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ წინსვლასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. მან ნატოს ღია კარის პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. უილიამ ლაჰიუ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვის პოზიციასაც შეეხო: „კრემლს სურს მიიღოს გზავნილი, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის დახურულია, მაგრამ ეს ასე არ არის“.
ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა და SNGP-ის პროექტის ხელმძღვანელმა არსებითი პაკეტის მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საჯარო დისკუსიაზე განხილული საკითხები პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ „გამოჩენილ სპიკერთა სერიის“ შეხევდრის დასრულების შემდეგ შეაჯამა: „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტსა და იმ ღონისძიებებზე, რომლის მეშვეობითაც პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივები უნდა განხორციელდეს. ძირითადი ყურადღება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს მივაქციეთ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ პაკეტის ფარგლებში განხორციელდა. აგვისტოში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნული ცენტრი გახსნა. დღესდღეობით მიმდინარეობს მუშაობა, რათა აქ მომავალ წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდეს. სასწავლო ცენტრში გაიმართება სწავლებები და მასში მონაწილეობას არამარტო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.“