უამინდობის გამო ადიდებულმა მდინარე მტკვარმა აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში 20 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დატბორა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მდინარეში წყლის დონემ აიწია, რამაც ჯებირების გარღვევა გამოიწვია.
300-ზე მეტი სახლი დაზიანდა. მოსახლეობის ევაკუაციისთვის ზოგიერთ ადგილას ვერტმფრენების გამოყენება გახდა საჭირო.
4 ათასამდე ევაკუირებული კარვებშია გადანაწილებული, თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი წვიმები ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ახსოვთ.