„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიზესთან ერთად ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მოინახულა.
შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, წინასწარ შემუშავებული გეგმის ფარგლებში, გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება შეაჩერა და შესაბამისი სტანდარტებით მათი ეტაპობრივი დახურვის სამუშაოები დაიწყო. სწორედ აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურება ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდ.ყვირილას მხრიდან მოეწყობა ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, თავიდან იქნას აცილებული ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე.
ამ დროისთვის, ქ.ზესტაფონის მყარ ნარჩენებს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 799 990 ლარია. პროექტს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს.