საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება 1800 ოჯახს გაუუმჯობესდება და მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათიანი გრაფიკით, მიიღებს.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 1500 და 600 ტონიანი ორი რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება საქლორატოროს. დაგეგმილია 23,5 კმ მილსადენის გამოცვლა, 1,5 კმ -ზე კი ჩაიდება სრულიად ახალი მილსადენი. ასევე, მოხდება 730 აბონენტის გამრიცხველიანება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 379 976,49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 30-დან 40 ადამიანამდეა დასაქმებული. პროექტი 2016 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.