ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ კეკენაძე და თამარ ამაშუკელი დაესწრნენ.
"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფისი, ვინაიდან სამეგრელოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატებისთვის" დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. აქ ჩვენი პარტიის მიმართ განწყობა ძალიან პოზიტიურია. ზუგდიდელ საზოგადოებას არ სურს განმეორდეს ის, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, არ უნდა განუხორციელებელი დანაპირებების იმედად ყოფნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ერთადერთი ალტერნატიული ძალა ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ურთიერთობას ჩვენს აქაურ ამომრჩევლებთან. "თავისუფალი დემოკრატები" ყველა დაპირებას ბოლომდე შევასრულებთ. არც ერთ სიტყვას არ ვიტყვით, რომელიც არ შესრულდება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
,,თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის რაიონის ცენტრალურ ოფისს დავით ვერავა უხელმძღვანელებს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დავითი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ თანამდებობებზე, რომლებიც უშუალოდ იყო დაკავშირებული თითოეულ ადამიანთან, ამიტომაც მან კარგად იცის ადგილობრივების პრობლემები და ყოველდღიურ პირდაპირ კომუნიკაციაში იქნება თანამოქალაქეებთან.