14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ქედის რაიონის სოფლები: პირველი მაისი, მახუნცეთი, კოლოტაური და ხუნკუდა დაათვალიერეს.
სოფელ პირველ მაისში, ფინანსთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რიზმან ყადიძის ოჯახი მოინახულეს, სადაც წუხელ, გვიან ღამით ჩამოწოლილი მეწყერი საცხოვრებელ სახლში შევარდა.
სტიქიის შედეგად ჩაიხერგა სოფლების: გულებისა და ხუნკუდას დამაკავშირებელი გზა. სოფელ კოლოტაურში ძლიერმა ქარმა წააქცია ხის სახლი, სადაც ჯემალ სალაძის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად, ოჯახი გახიზნულია.ასევე ევაკუირებულია სოფელ მახუნცეთში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები ოთხი ოჯახი. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.
სოფლების დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათ სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წუხელ უამინდობის გამო, რამდენიმე ობიექტზე კვლავ განმეორდა მეწყერის საშიშროება. მობილიზებულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილებზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. უახლოეს პერიოდში დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დააფინანსებს,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ამ დროისთვის საგრძობლად დიდი ზიანი მიადგა ქედის რაიონს. მძიმე სიტუაციაა შუახევსა და ქედაში. რაიონში დაზიანდა ერთი ხიდი. რამდენიმე მიმართულებით პარალიზებულია გზა ხულოში და შუახევში. მეწყერული პროცესების შედეგად დაზიანდა კომუნიკაციები. დილიდანვე მუშაობს გზების დეპარტამენტი. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია,“-აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის რეგიონში შეუჩერებლივ ხორციელდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება.