სიღნაღის რაიონის, სოფელ ერისიმედში, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, სამედიცინო პუნქტი ამუშავდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ექიმის გარეშე იყო დარჩენილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, გამგეობა დამატებით გამოძებნის ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხებს, რათა სოფელ ერისიმედის ამბულატორიაში, ექიმმა სოფელ ძველი ანაგიდან ჩასვლა და პაციენტების მიღება ყოველდღიურად შეძლოს.
ერისიმედის ამბულატორიის შენობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებშია რეაბილიტირებული და სათანადო სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი.