გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს. მისი თქმით, მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. იუწყება Reuters
„მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ამჟამად პრობლემაა ფასებთან დაკავშირებით და არა მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, მაინტერესებს, რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ირანში ომი არ შეგვაშინებს და ყურადღებას არ გადაგვატანინებს“, - განაცხადა მერცმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში არ მონაწილეობს.
„კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო: გერმანია არ არის ამ ომის ნაწილი და არ გვსურს ერთ-ერთი მათგანი გავხდეთ“, - განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.