რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ მანავისა და გომბორის, ასევე საგარეჯოში კოსტავას ქუჩაზე არსებული რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები მოინახულა. ამორტიზებულ შენობებში განთავსებული საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ფაქტობრივად სამივე ბაღი მთლიანად განახლდა და მზად არის აღსაზრდელების მისაღებად.
სამინისტროს ინფორმაციით, ბაღების გარდა, საგარეჯოში, რეაბილიტაცია გზებსაც ჩაუტარდა. თენგიზ შერგელაშვილმა მოინახულა გიორგიწმინდაში ე.წ. „მეკოკიშვილების“ უბანში განახლებული გზა, ასევე სოფელ ბადიაურის გზა და ერეკლე მეორის ქუჩა. აღნიშნულ გზებზე ბოლო 30 წლის მანძილზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა და როგორც ავტომობილით, ისე ფეხით გადაადგილება მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულებამ მილიონ 344 ათასი ლარი შეადგინა, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კი 200 ადამიანი დასაქმდა.