„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გამო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების გაჩერების საფუძველი აღარ იქნება.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, კანონში არ არსებობს ერთგვარი იძულების მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირებისგან მოხდება საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალის, საბუთის, ახსნა-განმარტებისა და სხვა ინფორმაციის მიღება.
„ეს მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებაზეა მინდობილი. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პრაქტიკაში, საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის, დისკრიმინაციის დადგენის და მასზე სათანადო რეაგირების მოხდენის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ცვლილებებით, თუკი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირი სახალხო დამცველს არ გადასცემს - საქმესთან დაკავშირებულ მასალას, საბუთს, ახსნა-განმარტებასა თუ სხვა ინფორმაციას, ხოლო საქმეში არსებული მასალები დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შესახებ გონივრული ვარაუდის საფუძველს ქმნიან და საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს, საჩივარი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქმევა.