ნიუ-იორკის ცენტრში, ტაიმ-სკვერზე არშემდგარი ტერაქტის ორგანიზებაში პაკისტანელი თალიბები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ პაკისტანელი თალიბები ეჭვმიტანილს ეხმარებოდნენ, ტერქაქტის დაგეგმვაში. ამასთან, გვაქვს ეჭვი, რომ არშემდგარი ტერაქტი მათI დაფინანსებულია", - განაცხადა ჰოლდერმა.
როგორც ცნობილია, პაკისტანელი თალიბების ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდასთან" დაახლოებული ორგანიზაციაა.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ნიუ-იორკის პოლიციამ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, ეროვნებით პაკისტანელი, აშშ-ის მოქალაქე ფაიზალ შაჰზადი დააკავა. ფაიზალ შაჰზადი სამართალდამცავებმა აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას აიყვანეს.