დღეს, გიორგი შუხოშვილმა თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა თიანეთის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაათვალიერა.
დაბა თიანეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ფართობი 6 279.00 მ²-ია და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე თიანეთის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან დაახლოებით 198 მ³ ნარჩენი შედის. თიანეთის ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წლის მაისში, უკიდურესად მძიმე პირობებში გადმოეცა. პოლიგონი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ ნორმებს, არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა. ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა: მოაწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები; ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.
თიანეთის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 169 846 ლარი შეადგინა.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენების მიღება და მათი განთავსება, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში მოხდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.