რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომმა რუსები "ძლიერ ერად აქცია".
"65 წლის წინ ნაციზმი დაემხო. გაჩერდა მანქანა, რომელმაც ერები გაანადგურა. ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად ევროპაში მშვიდობა დაბრუნდა. დასრულდა იდეოლოგია, რომელიც ცივილიზაციის საფუძვლებს ანადგურებდა. ერთადერთი არჩევანი იყო - ან გამარჯვება ან მონობა. ამ ომმა ჩვენ ძლიერ ერად გვაქცია", - განაცხადა მედვედევმა დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართული საზეიმო აღლუმის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას.
მისივე შეფასებით, 1945 წელს საბჭოთა კავშირმა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მორალური გამარჯვებაც მოიპოვა, რაშიც წვლილი მოკავშირე სახელმწიფოებმაც შეიტანეს.
"საბჭოთა კავშირმა თავის თავზე მიიღო ძირითადი დარტყმა. 1945 წელს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მორალური გამრჯვების მოპოვება მოხერხდა, რაშიც წვლილი ჩვენმა მოკავშირეებმა შეიტანეს. ამიტომაც, დღევანდელ აღლუმში ერთმანეთს გვერდით დგანან რუსი სამხედროები და დსთ-ის წევრ ქვეყანათა ჯარისკაცები, ანტიჰიტლერული კოალიციის წამრომადგენლები", - განმარტა მედვედევმა.
მან აღნიშნულ კონტექსტში მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "მის წინააღმდეგ გაერთიანება უნდა მოხდეს".
]
"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ დროისთვის არსებული გამოწვევების წინააღმდეგ. მხოლოდ ურთიერთანამშრომლობით შეიძლება გლობალური უსაფრთხოების პროგრამაზე მუშაობა", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამ დროისთვის მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული საზეიმო აღლუმი დასრულებულია.