ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაასრულა.
მოსახლეობას აღსაზრდელები ე.წ. ოჯახური ტიპის კერძო ბაღში დაჰყავდა, სადაც ბავშვებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობები არ იყო შექმნილი. პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემა მოგვარდა და ახალ, თანამედროვე ბაგა-ბაღში, სოფელ სიონისა და მის მეზობლად მდებარე ორი სოფლის 30 აღსაზრდელი შეძლებს სიარულს.
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი შენობა კეთილმოწყობილი საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახებით, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, ასევე, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 138 300 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 20-მდე ადამინი იყო დასაქმებული.