მოსკოვში მიმდინარე აღლუმს არც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი დაესწრებიან.
მათ რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე გააუქმეს. მიზეზად ევროპის ეკონომიკური პრობლემები დასახელდა.
განცხადება ამის შესახებ ელისეის სასახლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებისგან განსხვავებით, მოსკოვს სტუმრობენ ბელორუსის და უკრაინის პრეზიდენტები. 9 მაისის აღლუმს დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც. ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავად რუსეთში გვიან ღამით მაკედონიის და ისრაელის პრეზიდენტებიც ჩავიდნენ. იქ იმყოფებიან რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის გერმანიის და ჩინეთის პირველი პირები.
აღლუმს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მანიორეტული რეჟიმების ხელმძღვანელები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფშიც ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმი აღლუმი მიმდინარეობს.
წითელ მოედანზე ყველა სამხედრო დანაყოფია გამოყვანილი. აღლუმში მონაწილეობას 11 ათას 500-მდე სამხედრო იღებს.
წითელ მოედანზე დღეს პირველად ჩაივლის ანტიჰიტლერული კოალიციის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის და პოლონეთის არმიის 70 წარმომადგენელიც. აღსანიშნავია, რომ ნატოს ჯარებისთვის მოსაწვევის გაგზავნა დასავლეთმა მოსკოვის მხრიდან მეგობრულ ჟესტად აღიქვა.
აღლუმს რუსეთის თავდაცვის მინისტრი იბარებს. მასში ქვეითი, მექანიზირებული და საჰაერო ძალები მონაწილეობენ.