საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხევსურთსოფელში იწყება და სოფელ ველთან მთავრდება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიწის ვაკისის სამუშაოები. სულ მალე დასრულდება გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რის შემდეგაც, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი საორიენტაციო ბოძების, გზის მონიშვნისა და სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად საავტომობილო გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება, მგზავრობის დრო კი შემცირდება.
პროექტს, რომლის ღირებულება 4 მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შპს „გზამშენი 4“ ახორციელებს. სამუშაოები 1 თვეში დასრულდება.
სინქრონები:
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე –ირაკლი ლითანიშვილი
- მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერი საავტომობილო გზების დეპარტამენტში – გიორგი წერეთელი