საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასპინძის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულებულია №2 ბაგა- ბაღის სარემონტო სამუშაოები, №1 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია კი ამჟამად მიმდინარეობს. რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, დაბა ასპინძაში მცხოვრები პატარები, რომლებიც აქამდე ამორტიზირებულ და ინფრასტრუქტურულად გაუმართავ საბავშვო ბაღებში დადიოდნენ, საერთაშორისო სტანდარტებით რეაბილიტირებულ სუფთა ბაგა-ბაღებში შეძლებენ სიარულს. პროექტის განხორციელების შედეგად ორივე ბაგა-ბაღი, ნაცვლად 250 ბავშვისა, 600 აღსაზრდელის მომსახურეობას შეძლებს. №2 ბაგა-ბაღი რეაბილიტაციის დაწყებამდე 125 ბავშვზე იყო გათვლილი, რეაბილიტაციის დასრულების შედეგად კი, 350 ბავშვის ერთდროულად მომსახურეობა გახდა შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოებზე 20 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არსებული ამორტიზებული კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი და მოხდა ახალი კედლების ბლოკითა და თაბაშირ-მუყაოს მასალით აშენება. ამას გარდა, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო ახალი იატაკი, საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია. ასევე, გამოიცვალა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, მოპირკეთდა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და შენობის გარე ხედი.
ორივე ბაღის რეაბილიტაციაზე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები 2015 წლის ბოლომდე დასრულდება და დაბა ასპინძის აღსაზრდელებს 2 საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბაღი ექნებათ.