სტიქიასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გამართა. ამჟამად კი არჩილ ხაბაძე დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და არსებულ მდგომარეობას ეცნობა.
მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს იგი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ თხილაიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. მათ სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს.
,,დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით ისინი ქობულეთის დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო საჭირო რაოდენობის თანხა, რითაც პერიოდულად შეძენილი და დარიგებული იქნება მზა საკვები პროდუქტი. სურსათით დახმარება გაუწია მოსახლეობას ასევე შინაგან საქმეთა სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა და რიქგითმა მოქალაქეებმაც. ამ დროისათვის ქობულეთში აღარ წვიმს. დატბორილ ადგილებში წყლის დონემ იკლო 30 -40 სმ-ით. დილიდან პარალიზებულ რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება უკვე შესაძლბელია. აქტიურად მიმდინარეობს შენობებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპრეატიულად განხორციელების მიზნით, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი სამაშველო ბრიგადები და ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა” - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.