საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორთან, იოსებ ოზაშვილთა ერთად, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს.
ახალი, 220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა რუხში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. კომპლექსი 12 შენობისაგან (ხუთი და ორსართულიანი შენობები) შედგება. ამ დროისთვის 12-ვე კორპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მათი ნაწილი უკვე დასრულების ფაზაშია და მიმდინარეობს საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.
კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. ასევე, აშენდება საერთო საცხოვრებელი რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის.
მრავალპროფილური კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მისი მიმდებარე სოფლების, ჯამში, 14000 მცხოვრებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა; საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც.
საავადმყოფოს მშენებლობა (შენობა და შიდა სამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარია. ამ დროისთვის მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.