საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე შოთა რუსთაველის ბრინჯაოს ბიუსტი გახსნა.
როგორც რუსთაველის ბიუსტის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ქართველობის საუკეთესო მოდელის განსახიერება ბათუმია.
"ყველაზე მეტად ჩემთვის, თუ კი რამე განასახიერებს ქართველობის საუკეთესო მოდელს ეს არის ქალაქი ბათუმი, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ყველა რელიგიური მრწამსია ერთმანეთში არეული და ამის გამო ბათუმში ყველაზე მეტად ერთიანი ქართული სულია", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ქართველობა - ეს ნიშნავს ეთნიკურ სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელობას.
"აქ არის ყველაზე ლამაზი სინაგოგა მთელს ევროპაში, ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება იყო ქართველი-მუსულმანი, ქართველი-ებრაელი, ქართველი-გრიგორიანელი, ქართველი-მართმადიდებელი და დარჩე საქართველოს პატრიოტად. სწორედ ეს არის ბათუმი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 6 მაისს, გიორგობას ასლან აბაშიძის რეჟიმისგან განთავისუფლების დღე აღინიშნება.