ხვალ, 7 მაისს, 11:30 საათზე, ქუთაისის პროკურატურის შენობაში საქართველოს მასშტაბით დაზარალებულთა პირველი საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გახსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის წესით შერჩეული ორი თანამშრომელი დასაქმდება, რომლებმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტენსიური ტრენინგები უკვე გაიარეს.
დაზარალებულთა ცენტრების მთავარი ამოცანა დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება იქნება, ცენტრში მათ უფლება-მოვალეობებს განუმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადაამისამართებენ, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ქუთაისის პარალელურად, დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება, ანალოგიური დაწესებულებების გახსნა თბილისსა და ბათუმში ზაფხულში იგეგმება.