საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზურნველყოფაში წვლილის შეტანას განაგრძობს. საქართველო რიგით მეოთხე საერთაშორისო მისიაში ჩართვას გეგმავს. გაეროს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს გაეროს შტაბ-ბინაში ქართული მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. „ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, პოლიტიკური ნების შემდეგ ქართული დანაყოფი მზად იქნება შეასრულოს ნებისმიერი ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, ახალი მისია მხოლოდ სამშვიდობო იქნება. „დღეს არსებულ ოპერაციებთან შედარებით, გაეროს სამშვიდობო მისია ბევრად ადვილი მისია იქნება. თუ დღეს ქართული დანაყოფები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, როგორიცაა ამბოხის საწინააღმდეგო ან კონტრ-ტერორისტულ ოპერაციები, გაეროს შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ სამშვიდობო მისია. გაერთიანებული ერების ეგიდით წარმოებული მისია ნაკლები რისკის მატარებელი იქნება. მსგავსი პერსპექტივა ჩვენთვის დამატებითი გამოცდილების მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ აფრიალდება ქართული დროშა გაეროს შტაბსა და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეს მისია დაგვეკისრება. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოლაპარაკებების დროს განისაზღვრება ქვედანაყოფის ზომა. გადამზადების ცენტრში დავიწყებთ შესაბამისი პროგრამების შემუშავებას. ბევრი საკითხი ბიუჯეტიდან გამომდინარე დაიგეგმება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ოცეულიდან ბატალიონის დონის ქვედანაყოფი მოვამზადოთ და თუ საჭირო იქნება გადავისროლოთ მოქმედების არეალში“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაეროს მისიაში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ: „ჩვენ უკვე დაგვიგროვდა მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. გაეროს „ცისფერჩაფხუტიანი“ რომ იყო, ეს არის ძალიან დიდი პატივი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მთავარი კოლექტიური ორგანოს - გაეროს სახელით ამთავრებ ომს და ამყარებ მშვიდობას იქ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა კონფლიქტს. შესაბამისად, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენს შეირაღებულ ძალებს სრულად შეუძლიათ და აქვთ დაგროვილი გამოცდილება, უზრუნველყონ უსაფრთხოება უკვე ბევრად მეტ ადგილას, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებდით“.