ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ თეირანი გააგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული, პროპორციულ პასუხს მიიღებს. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ABC"-ის ეთერში გააკეთა.
"ირანი გააგრძელებს და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ", _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. კითხვაზე, ეშინია თუ არა ირანს ისრაელის მხრიდან სამხედრო ოპერაციის განხორციელებისა, ირანის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.
"ისინი არ არიან საფრთხის შემცველი ფაქტორი ჩვენს სამხედრო დოქტრინაში. მათთვის ყურადღებაც კი არ მიგვიქცევია", _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ასევე აცხადებს, რომ მას სულაც არ აღელვებს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შემოღება.
"ჩვენ არაფერს მივიღებთ, რასაც თავს მოგვახვევენ. ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პროპორციულ პასუხს მიიღებს", _ აცხადებს ირანის პრეზიდენტი.