საპროტესტო აქციები გრძელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. ათენის ცენტრში დამწვარი ბანკის შენობაში სამართალდამცავებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამასთან 4 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულები დამწვარი ბანკის თანამშრომლები იყვნენ. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
სახანძრო ბრიგადების განცხადებით, მათ ბანკის შენობაში 20 ადამიანი ხანძრისგან გადაარჩინეს. ათენის პოლიციის განცხადებით მომიტინგეები ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს" და სხვა სახის თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებდნენ, რის შედეგადაც ქალაქში რამდენიმე შენობას ხანძარი გაუჩნდა.
არეულობები საბერძნეთის დედაქალაქში ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის დედაქალაქში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ისინი სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით მთავრობის ხისტ ზომებს აპროტესტებენ. 48-საათიან გაფიცვებს, რომელიც დღეს საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დაიკეტა აეროპორტები, სარკინიგზო და საზღვაო სადგურები. არ მუშაობს მაღაზიების, სკოლებისა საავადმყოფოების უმრავლესობაც.
სოლიდარობის ნიშნად, რადიოსადგურებმა, ტელეკომპანიებმა და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი დღით შეწყვიტეს ახალი ამბების გადაცემა.
ბოლო კვარტლის განმავლობაში ეს უკვე მესამე საპროტესტო აქციაა საბერძნეთში. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა, რომელსაც მთავრობა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 110 მლრდ. ევროს დახმარების საპასუხოდ დაჰპირდა, მთელს საბერძნეთში პროტესტი გამოიწვია. ბერძნები სახელმწიფო სექტორში ხელფასებისა და პენისების შემცირებას, ასევე გადასახადებისა და საპენსიო ასაკის ზრდას ელოდებიან.