საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კასპის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სავარჯიშო სპორტ-დარბაზები ჭიდაობის, ფიტნესისა და კალათბურთისათვის, ასევე ახალი წრიული დარბაზი საჭიდაო შეჯიბრებებისათვის. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სპორტ-კომპლექსის სასტუმროს შენობის სამშენებლო სამუშაოებიც.
პროექტის დასრულების შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი იფუნქციონირებს. სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და იგი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სპორტ-კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციის ფარგლებში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.