დღეს „ალი და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის ბულვარში ე.წ „პანორამული ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო.
რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა.
მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების გადაადგილება დასრულდა ძალიან კარგად, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ამ ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, ნამდვილად კარგია, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ეშმაკის ბორბალთან ერთად შეიძლება ვერ გაიგოს მნახველმა ეს ატრაქციონია, თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ორი ობიექტი ერთმანეთს დაცილდება „-განუცხადა თამარ კვესიტაძემ ჟურნალისტებს.
თამარ კვესიტაძის ნამუშევარის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა. ქანდაკებების გადატანის პროცესში, ნინოს ქანდაკება დაზიანდა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.