საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია შექმნას ძლიერი საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე და მოდერნიზებული, - ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც სასაზღვრო პოლიციის ხომალდების ახალი საზღვაო ბაზა გაიხსნა.
„წინა მთავრობის დროს, მთელი სანაპირო დაცვა იყო აბსოლუტურად იგნორირებული. 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც ვფიქრობ არის დანაშაული. ჩვენ გვსურს დღეს დავისახოთ მიზნად, რომ შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე და მოდერნიზებული,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ამერიკის მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა აშშ-ს მიერ აშენებული ყველა ობიექტი და გადმოცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვარზე ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას.
ცერემონიას ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.