2015 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერთან და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში ნავმისადგომი გახსნა და ზღვაში საპატრულო კატარღა P-103-ით გავიდა. ღონისძიებას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ ჰორნერი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა აშშ-ის დაფინანსებით ორი წელი გრძელდებოდა. პროექტის ღირებულებაა 14 მილიონი დოლარია. ნავმისადგომში ერთდროულად 15 მცურავი საშუალების გაჩერება იქნება შესაძლებელი. ახალი ნავმისადგომის ამუშავებით, ბათუმში მდებარე საქართველოს სანაპირო დაცვის დღევანდელი ბაზა სანაპირო დაცვის ოპერაციებისათვის საკვანძო ნავსაყუდელი გახდება. ნავმისადგომი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის რეაგირების უნარს და სანაპირო წყლებში საზღვაო საფრთხეების დროულად აღკვეთას შეუწყობს ხელს. ნავმისადგომი საქართველოს სანაპირო დაცვას შესაძლებლობას მისცემს, სათანადო ტექნიკური მომსახურება გაუწიოს თავის კატარღებსა და ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ახალი ნავმისადგომი საიმედო პორტი გახდება მეზობელი პარტნიორი ქვეყნების გემებისთვისაც, რათა ისინი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში სტუმრობისას ამ ნავმისადგომში გაჩერდნენ.
ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა ხაზს უსვამს უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აშშ და საქართველო მცურავი საშუალებების მოდერნიზაციითა და პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ერთობლივად იცავენ საზღვაო უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.