პრეზიდენტის ადმინისტრცია მედიაში მიმდინარე პროცებს ეხმიანება. როგორც პრზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განაცხადა, დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია.
"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქენი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს. მით უფრო, ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადრებით ადევნებს თვალს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციით დადგენილ თავისუფლებას”, _განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაცემები „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ ახალი სეზონიდან „იმედზე“ აღარ გავა. ტელეარხის ოფიციალური განცხადების მიხედვით, არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ფორმატის ცვლილება იგეგმება, ახალ პროდუქტს კი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ. დამატებითი განმარტებები არხის ხელმძღვანელობას საჯაროდ არ გაუკეთებია.
„რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ და გადაცემების პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა გადაცემების დახურვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. გრიგოლიას თქმით, ორივე გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მათი დახურვის რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს გადაცემების დახურვის შესახებ „იმედის“ განცხადების გავრცელებამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, ასევე, დაიხურა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუც.