გერმანულენოვან გაზეთში „Süddeutsche Zeitung“ სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობს.
„ერთადერთი რეალობა/უსაფრთხო ვარიანტი - საქართველო ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის“
ბრიუსელი - ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ მთავრობის წევრებთან შეხვედრებსარ ითვალისწინებს. იენს სტოლტენბერგი კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს „მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, რაც საბოლოოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დაადასტურებს ალიანსის მიერ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. „ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაპირება, რომელიც მივიღეთ, შესრულდება “ - განაცხადა ხიდაშელმა „Süddeutsche Zeitung“-თან საუბრისას.
დაპირება რა თქმა უნდა ბუნდოვანი იყო. ბუქარესტის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ საქართველო და უკრაინა „ნატოს წევრები გახდებიან“. მოგვიანებით, უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. გაწევრიანების კონკრეტული გეგმის მინიჭებაზე საქართველომ უარი მიიღო. „ლიდერებმა MAP-ზე უარი თქვეს ბუქარესტში იმიტომ, რომ მათ რუსეთის მოსალოდნელი რეაქციის შეეშინდათ“,- აცხადებს ხიდაშელი. რუსეთიც შესაბამისად მოიქცა და 2008 წელს საქართველოში ომი დაიწყო. „ჩვენ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
მას არც კი უნდა საუბარი იმ „კოშმარზე“, რომ გაყინული კონფლიქტი რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ცხელ ომში გადაიზარდოს. „საქართველოს მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რათა საკუთარ ტერიტორიაზე ომი და ღია კონფრონტაცია თავიდან აიცილოს“, - განაცხადა მან. თუმცა, „ნატოს გაფართოება საუკეთესო საშუალება იქნებოდა აგრესიის წინააღმდეგ“.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს, რომ „დასავლეთის ალიანსის“ წევრობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას რუსული აგრესიისგან. „ნატოს გაფართოება ერთადერთი გამოსავალია ევროპაში, დღეს არსებული პრობლემებიდან“, აცხადებს ხიდაშელი.
„თუკი ნატო გააფართოებს მის საზღვრებს, ომისა და კონფლიქტისთვის ნაკლები შესაძლებლობა რჩება“. ალიანსთან დაახლოების მიზნით საქართველომ მოახდინა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და მონაწილეობს ნატოს მისიებში. ავღანეთის მისიაში მან გაგზავნა იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ნატოს რომელიმე არაწევრმა ქვეყანამ. ახლა მინისტრი იმედებს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ამყარებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამიტიდან უფრო ძლიერები დავბრუნდეთ, ვიდრე დღეს ვართ“, - განაცხადა მან.
მინისტრს აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვარშავაში ნატო ფოკუსირებას მოახდენს მხოლოდ მისი წევრების დაცვაზე და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ დახმარებაზე. „თუკი ვარშავა იქცევა მეხუთე მუხლის სამიტად, მდგომარეობა ნატოს უახლოეს სამეზობლოში შესაძლებელია მკვეთრად გაუარესდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ერთგვარი ვეტო ექნება ნატოს გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველომ მოახდინა შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ენთუზიაზმით მონაწილეობს ნატოს მისიებში.