სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესპარტნიორების დაინტერესებისა და ინფორმირების მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ბიზნესფორუმი ,,ჩხოროწყუ 2015“ გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და ბიზნეს სექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ფორუმი წარმოადგენს თანამედროვე პლატფორმას ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც აუცილებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის დარგის, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დარგის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამების (შეღავაიანი აგროკრედიტის პროექტი, საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა აწარმო საქართველოში) ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაციაც წარადგინა. მინისტრმა სოფლის მეურნეობის კუთხით საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 21 საინვესტიციო პროდუქტი გააცნო.
ბიზნესფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ რეგიონის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უკვე დაწყებულია რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელება.
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ფორუმის მონაწილეებს საკუთარი ხედვა გააცნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ფორმუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე საინვესტიციო შეთავაზება წარადგინეს. ასევე, საინვესტიციო პროექტები წარმოადგინეს მეწარმეებმაც. ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს შორის მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიაც გაიმართა.